ფინანსური ანგარიშგების მნიშვნელობა და მომზადების ძირითადი პრინციპები
ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს გამოსაყენებელი სტანდარტი, ანგარიშგების შემადგენლობა და ინფორმაციის წარდგენის პრინციპები.
IFRS და IFRS for SMEs
IFRS (ფასს) — ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებია. ეს არის წესებისა და პრინციპების ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც საწარმოები ამზადებენ ფინანსურ ანგარიშგებას, რათა მათი ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაცია იყოს გასაგები, სანდო და სხვა საწარმოების მონაცემებთან შესადარისი.
სტანდარტებს შეიმუშავებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭო (IASB). IFRS მსოფლიოს 140-ზე მეტ იურისდიქციაში გამოიყენება.[რ1]
IFRS for SMEs — მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტია. ის განკუთვნილია საწარმოებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საჯარო ანგარიშვალდებულება და გარე მომხმარებლებისთვის საერთო დანიშნულების ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებენ. სტანდარტი ითვალისწინებს მათ საჭიროებებზე მორგებულ, გამარტივებულ მოთხოვნებს.[რ1]
სრულ IFRS-თან შედარებით, ის:
არ მოიცავს ზოგიერთ საკითხს, რომელიც ტიპური მცირე და საშუალო საწარმოსთვის აქტუალური არ არის;
ითვალისწინებს სააღრიცხვო პოლიტიკის ნაკლებ ვარიანტს;
ამარტივებს აღიარებისა და შეფასების მრავალ წესს;
მოითხოვს ნაკლებ განმარტებით ინფორმაციას;
დაწერილია უფრო მარტივი ენით.
საქართველოში II და III კატეგორიების საწარმოები, როგორც წესი, იყენებენ IFRS for SMEs-ს, თუმცა სრული IFRS-ის არჩევის უფლებაც აქვთ.[რ1]
საზოგადოებრივი დაინტერესების პირებისა (სდპ) და I კატეგორიის საწარმოებისთვის სრული IFRS სავალდებულოა. IV კატეგორიის საწარმოები, როგორც წესი, იყენებენ SARAS-ის მიერ დადგენილ სტანდარტს, თუმცა შეუძლიათ აირჩიონ IFRS for SMEs ან სრული IFRS.
ფინანსური ანგარიშგების არსი და
შემადგენლობა
ფინანსური ანგარიშგება არის ანგარიშგებების ერთობლიობა, რომელიც ასახავს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას, საქმიანობის შედეგებს, ფულადი სახსრების მოძრაობასა და საკუთარი კაპიტალის ცვლილებებს და მოიცავს განმარტებით შენიშვნებს.
სრული IFRS-ის მიხედვით, ფინანსური ანგარიშგების ძირითადი კომპონენტებია:[რ1]
1. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება (ბალანსი) — ასახავს საწარმოს აქტივებს, ვალდებულებებსა და საკუთარ კაპიტალს კონკრეტული თარიღისთვის.
2. მოგება-ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგება — ასახავს პერიოდის შემოსავლებსა და ხარჯებს, მოგებას ან ზარალს და სხვა სრული შემოსავლის მუხლებს. მათი წარდგენა შესაძლებელია ერთიანად ან ორ ცალკეულ ანგარიშგებად.[რ1]
3. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება — ასახავს ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების შემოდინებასა და გადინებას საოპერაციო, საინვესტიციო და ფინანსური საქმიანობის მიხედვით.
4. საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება — ასახავს საწარმოს საკუთარ კაპიტალში მომხდარ ცვლილებებს კონკრეტული საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში.
5. განმარტებითი შენიშვნები — მოიცავს არსებით ინფორმაციას სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ, ანგარიშგებაში წარმოდგენილი მუხლების განმარტებებს და სხვა ინფორმაციას, რომელიც ფინანსური მონაცემების სწორად გაგებისთვისაა საჭირო.
ანგარიშგება ასევე მოიცავს წინა პერიოდის შესადარის ინფორმაციას; გარკვეულ შემთხვევებში, სრული IFRS-ის მიხედვით, საჭიროა დამატებითი ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაც წინა შესადარისი პერიოდის დასაწყისისთვის. ანგარიშგების ზუსტი შემადგენლობა და დასაშვები გამარტივებები გამოყენებული სტანდარტით განისაზღვრება.
საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების მთავარი მიზანია არსებულ და პოტენციურ ინვესტორებს, გამსესხებლებსა და სხვა კრედიტორებს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც დაეხმარებათ საწარმოსთვის რესურსების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში.[
მის საფუძველზე მომხმარებლები აფასებენ საწარმოს მომავალი ფულადი ნაკადების მიღების შესაძლებლობასა და იმას, რამდენად ეფექტიანად მართავს ხელმძღვანელობა საწარმოს რესურსებს.
ანგარიშგება ასევე სასარგებლოა საწარმოს ხელმძღვანელობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ფინანსური მდგომარეობის, ტენდენციებისა და რისკების შესაფასებლად.
ფინანსური ანგარიშგების მომზადების ძირითადი პრინციპები
ფინანსური ინფორმაციის სარგებლიანობის ორი ძირითადი ხარისხობრივი მახასიათებელია შესაბამისობა და სამართლიანი წარდგენა.[რ1]
ანგარიშგების მომზადებისას მნიშვნელოვანია შემდეგი პრინციპებისა და მოთხოვნების გათვალისწინება:
დარიცხვის პრინციპი — შემოსავლები და ხარჯები აისახება მათი წარმოშობის პერიოდში, თანხის მიღების ან გადახდის დროისგან დამოუკიდებლად. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება კი ფაქტობრივ ფულად ნაკადებს ასახავს.[რ1]
შესაბამისობა და არსებითობა — ინფორმაცია უნდა ეხმარებოდეს მომხმარებელს გადაწყვეტილებების მიღებაში. არსებითი მონაცემები არ უნდა იყოს გამოტოვებული, არასწორად ან ბუნდოვნად წარმოდგენილი. არსებითობა ფასდება ინფორმაციის ხასიათისა და სიდიდის გათვალისწინებით.
სამართლიანი წარდგენა — ინფორმაცია უნდა იყოს სრული, მიუკერძოებელი და შეცდომებისგან თავისუფალი; ასახავდეს ოპერაციების ეკონომიკურ შინაარსს. ეს არ გამორიცხავს დასაბუთებული შეფასებების გამოყენებას, თუ მათი მეთოდები და განუსაზღვრელობა სათანადოდ არის განმარტებული.[რ2]
წინდახედულობა — განუსაზღვრელ გარემოებებში შეფასებები უნდა გაკეთდეს სიფრთხილით, მონაცემების ხელოვნურად გაზრდის ან შემცირების გარეშე.
თანმიმდევრულობა და შესადარისობა — მსგავსი ოპერაციების მიმართ მეთოდები თანმიმდევრულად გამოიყენება, რაც სხვადასხვა პერიოდისა და საწარმოს მონაცემების შედარებას უწყობს ხელს.
შემოწმებადობა, დროულობა და აღქმადობა — ინფორმაცია უნდა იყოს გადამოწმებადი, დროულად მიწოდებული და გასაგებად წარმოდგენილი.
საანგარიშგებო პერიოდი და განმარტებები — ანგარიშგება მზადდება, სულ მცირე, ყოველწლიურად და მოიცავს წინა პერიოდის შესადარის მონაცემებსა და მნიშვნელოვან განმარტებებს, მათ შორის გამოყენებული შეფასებებისა და რისკების შესახებ.
ფუნქციონირებადი საწარმოს დაშვება — ანგარიშგება ჩვეულებრივ ეფუძნება საწარმოს საქმიანობის გაგრძელების დაშვებას. ამ შესაძლებლობასთან დაკავშირებული არსებითი განუსაზღვრელობა უნდა გამჟღავნდეს; სხვა საფუძვლის გამოყენებისას საჭიროა მისი და გამოყენების მიზეზის განმარტება.[რ1]
ფინანსური ანგარიშგება შეიძლება მოიცავდეს ერთ საწარმოს ან მშობელი და შვილობილი საწარმოების ჯგუფს.
კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება — აერთიანებს მშობელი და მისი შვილობილი საწარმოების ფინანსურ ინფორმაციას და ჯგუფის ფინანსურ მდგომარეობას, საქმიანობის შედეგებსა და ფულად ნაკადებს წარმოაჩენს ისე, თითქოს ისინი ერთი საწარმო იყოს. კონსოლიდაციისას ჯგუფის შიდა ოპერაციები და ნაშთები გამოირიცხება.[რ1]
არაკონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება — ასახავს ერთი საწარმოს ფინანსურ ინფორმაციას. მშობელი საწარმოს შემთხვევაში შვილობილი საწარმოების აქტივები, ვალდებულებები, შემოსავლები და ხარჯები მასში კონსოლიდაციის წესით არ ერთიანდება; შვილობილებში ინვესტიციები შესაბამისი სტანდარტის მიხედვით აღირიცხება.
როდესაც კონსოლიდირებული ანგარიშგების მომზადება სავალდებულოა, არაკონსოლიდირებული ანგარიშგება მას ვერ ჩაანაცვლებს.



Comments