რა უნდა ვიცოდეთ მიკრო ბიზნესის შესახებ?
მიკრო ბიზნესის სტატუსის მისაღებად ფიზიკური პირის მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია სავალდებულო არ არის. სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც წარმოადგენს გადასახადის გადამხდელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი ახორციელებს მიკრო ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას.
მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც:
არ არის დღგს გადამხდელი
არ იყენებს დაქირავებულ შრომას;
დამოუკიდებლად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას;
კალენდარული წლის განმავლობაში იღებს არაუმეტეს 30 000 ლარის შემოსავალს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონკრეტულ საქმიანობაზე აღნიშნული ზღვარი არ ვრცელდება ან შემოსავალი საერთო წესით იბეგრება.
1. საქმიანობები, რომლებზეც 30 000 ლარიანი ზღვარი არ ვრცელდება
არსებობს საქმიანობები, რომლებიდან მიღებული შემოსავალი 30 000 ლარიან ზღვარში არ ითვლება და პირის მიერ დამოუკიდებლად განხორციელების შემთხვევაში არ იბეგრება. მაგალითად:
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოყვანა ტრაქტორებისა და კომბაინების გამოყენებით;
ხალიჩებისა და ორხოვისებრი ნაწარმის წარმოება;
საყოფაცხოვრებო ელექტრონული ტექნიკის რემონტი;
თეთრეულისა და სხვა საფეიქრო ნაწარმის რეცხვა და დამუშავება;
შინამეურნეობის გაძღოლასთან დაკავშირებული მომსახურება და სხვა.
2. საქმიანობები, რომლებიც გამორიცხავს მიკრო ბიზნესის სტატუსს
მიკრო ბიზნესის სტატუსი არ მიენიჭება პირს, რომელიც ახორციელებს:
ლიცენზირებად საქმიანობას(გარდა თბილისის ტაქსის ნებართვით საქმიანობისა);
ისეთ საქმიანობას, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა შესაძლოა 30 000 ლარს გადააჭარბოს;
სავალუტო ოპერაციებს;
სამედიცინო, საადვოკატო, სანოტარო, სააუდიტო ან საკონსულტაციო საქმიანობას;
სათამაშო ბიზნესს;
სავაჭრო საქმიანობას.
3. შემოსავალი, რომელიც 30 000 ლარიან ზღვარში არ ითვლება
არსებობს შემოსავლის სახეები, რომლებიც არ მონაწილეობს 30 000 ლარიანი ზღვრის გაანგარიშებაში და საერთო წესით იბეგრება. მაგალითად:
• უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი;
• სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი;
• დივიდენდი;
• პროცენტი;
• როიალტი;
• ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონება;
• უძრავი ქონების, ავტომობილისა და ფასიანი ქაღალდების
რეალიზაციიდან მიღებული ნამეტი შემოსავალი;
• ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი და სხვა.
რა შემთხვევაში გაუქმდება ფიზიკურ პირს მიკრო ბიზნესის სტატუსი?
მიკრო ბიზნესის სტატუსი ფიზიკურ პირს გაუქმდება, თუ:
თავად მიმართავს საგადასახადო ორგანოს სტატუსის გაუქმების ან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით;
საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდება, რომ სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი აღემატება 45 000 ლარს;
განახორციელებს მიკრო ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას; აღსანიშნავია რომ თუ ფიზიკური პირი რომელსაც აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი განახორციელებს მიკრო ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას, საგადასახადო ორგანო გაუუქმებს სტატუს და პირი გამოვა სპციალური დაბეგვრის რეჟიმიდან, ამასთანავ აღნიშნული ქმედება იწვევს ფიზიკური პირის 500 ლარით დაჯარიმებას.
ეყოლება დაქირავებული თანამშრომელი (გარდა ოჯახის წევრებისა);
წარმოეშობა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება;
კალენდარული წლის განმავლობაში ჯამური შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს;
ფიზიკური პირი გარდაიცვლება.
თუ მიმდინარე წლის განმავლობაში ფიზიკურ პირს გაუუქმდა მიკრო ბიზნესის სტატუსი და მას არ მიუღია მცირე ბიზნესის სტატუსი, მის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით.
დეკლარაციის წარდგენა
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოში წარადგინოს საშემოსავლო გადასა ხადის წლიური დეკლარაცია.



Comments